• EN
  • __გამოფენა

    19 მაისი - 20 ივნისი 2024

    ყველაფერი - Beyond Hues

    19 მაისს საგამოფენო სივრცე E.A Shared Space გახსნის ბელგიელი მხატვრის, სელინ ვაჰსენის გამოფენას „ყველაფერი - Beyond Hues”.

    სელინ ვაჰსენი ბრიუსელში დაფუძნებული ხელოვანია, რომელიც ძირითადად ტექსტილზე მუშაობს. ნატურალური მასალისა და საღებავების შექმნითა და გამოყენებით, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ფერს, მის წარმოქმნასა და ფორმას. ტექსტილის ტრადიციასა და ისტორიულ ცოდნაზე დაყრდნობით, იკვლევს და აცოცხლებს წინაპრების ტექნიკას, სივრცესა და დროში გაბნეულ, სხვადასხვა კულტურებისა და საზოგადოებების ბუნებრივ მასალასთან ხელით მუშაობის ცოდნასა და ეთიკას და გადმოაქვს ის თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაში, როგორც თხრობის მედიუმი.

    ძაფისა და ბოჭკოს სტრუქტურის, ორგანული და გადამუშავებული ბუნებრივი ქსოვილების, მცენარეთა ფესვებისა და ხის ქერქისგან მიღებული ფერი, ფერის გამოსხივება და მოძრაობა ამ მასალათა ტრანსფორმაციის უნარზე, ფერის ამოუწურავ მრავალშრიანობაზე გვიყვება - უთვალავ ელფერზე. „ყველაფერი - Beyond Hues” შეღებვის ახალი მეთოდებით ფერისა და ელფერების ერთობლიობას ეხმიანება, როგორც მთლიანად სიცოცხლესა და მის ბუნებრივ ციკლებს - ყველა ადამიანსა და ჯგუფს, რომელთა შრომა და ცოდნაც უხილავად დარჩა, თუმცა გაგრძელდა, შეინახა, გადაიცა და გაზიარდა ზრუნვითა და თაობებში კვლავწარმოებით, რაც შემდგომ ტექსტილის სავაჭრო და კაპიტალისტური წარმოების განვითარების ლოგიკამ შეიწოვა. ნამუშევრები ეხმიანება ქალთა ისტორიულ ბრძოლას, ხალხური ხელობის ტექნიკებს, შეუმჩნევლად დარჩენილთა მნიშვნელობასა თუ ინდუსტრიულ-ტექნიკურ პროგრესს, რომელიც სწორედ ამ შეუმჩნეველ ცოდნასა და შრომას დაეფუძნა; თუმცა პირველ რიგში, ისინი საუბრობს სილამაზესა და ბუნებრივ ბალანსზე. ძველი ცოდნისა თუ ხელსაქმის ამ ფაქიზი გადამუშავების მეთოდით ქმნის სინაზის და მშვენიერების დაუძალებელ, პირველყოფილ, თვითწარმოქმნად ჰარმონიას. კომპოზიციის საბოლოო მოტივი არ არის წინასწარ გადაწყვეტილი - მუდმივ მოძრაობაში, განმეორებითი ჟესტებით დამუშავებით, ქსოვილის გაშლისას მიღებული ფერის მოძრაობისა და გაშლის კანონზომიერებები ძაფების მათემატიკური სისტემის აღმოჩენის შესაძლებლობას გვაძლევს. შემთხვევითობასა და წესრიგს შორის არსებული დაძაბულობის ამგვარი გამოყენებით, ვაჰსენის ინტუიტიური მეთოდოლოგია ტექსტილის ფუნდამენტურ, მატერიალურ სტრუქტურაში სხვადასხვა კულტურულ, კრიტიკულ და ეთიკურ ამალგამებად იშლება.

    გამოფენის სათაური ქართულ ენაში სიტყვა „ყველაფერს“ ეხმიანება, როგორც ფერთა, ცოდნათა, სიმრავლეთა, ადამიანთა დაუთვლელ, აღურიცხავ ერთობლიობას. ამ ენობრივ კომპოზიტთან გადაძახილით, „ყველაფერი - Beyond Hues” იკვლევს ფერის მატერიალური სტრუქტურის, მოძრაობისა და ვიბრაციის დიაპაზონს და კონცენტრირდება აღქმაზე, შეგრძნებებზე, ემოციებზე, შინაარსებისა და ცოდნების აღმოჩენაზე ბუნებრივად შეღებილი ძაფების შემთხვევითი გადალაგების, გადაკვეთისა თუ გარდამავლობის აღმოჩენით ელფერებს მიღმა.

    გამოფენა გაიხსნება 16:00 საათზე, კურატორ ელენე აბაშიძის საგამოფენო სივრცეში E.A Shared Space, პავლე ინგოროყვას 10/2-ში და 20:00 საათამდე გასტანს. ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობა მსურველებს 20 ივნისამდე ექნებათ.

    ალექსანდრა აროშვილი

    მონაწილეები

    სელინ ვაზენი
    გამოფენის დრო
    12:00 - 19:00