__გამოფენა
22 სექტემბერი - 20 ოქტომბერი 2024
Systems Research Group - New Paintings
‘სისტემათა კვლევის ჯგუფი’
‘ახალი ნახატები’
22 სექტემბერი - 20 ოქტომბერი, 2024
მოხარულები ვართ მოგიწვიოთ ‘სისტემათა კვლევის ჯგუფის’ სოლო გამოფენის ‘ახალი
ნახატების’ გახსნაზე. ბერლინს-დაფუძნებილი სახელოვნებო ჯგუფის ნამუშევრების ახალი
სერია წარმოადგენს უბრალო მასალების გამოყენებით შექმნილ აბსტრაქტული ფერწერის
სერიას, რომელიც ეყრდნობა პოპულარული კულტურიდან წამოსულ სიმბოლოს. საინტერესოა,
რომ ეს სიმბოლო, რომელიც დასავლეთ ევროპასა და ამერიკიდან იღებს სათავეს, ახლა თავის
სამშობლოში მივიწყებულია, თუმცა დიდი პოპულარობით იაპონიაში სარგებლობს. მიუხედავად
იმისა, რომ ამ სიმბოლოს ამოკითხვა არც ისე ადვილია და არ აქვს მნიშვნელოვანი როლი, ეს
ნამუშევრები ნამდვილად გვახსენებს იაპონურ კულტურას. თუმცა არა იმდენად შინაარსით,
არამედ ფორმით.
როგორც მოკლე პოეზია, იაპონური ტანკა, ეს ნამუშევრებიც ფორმითა და მასალით
მინიმალისტურია, სათქმელი კი თითქოს კონკრეული აქვს, მაგრამ ამავდროულად აბსტრაქტული,
მნიშვნელობით პოლიტიკურია, თუმცა პედაგოგიური დოგმისგან თავისუფალი, კრიტიკული
და ამავდროულად ესთეტიური სიამოვნების მომნიჭებელი, აგრესიული და ამავდროულად -
დელიკატური, გრაციოზული. შეუძლებელია ამ სერიის ამ ბინარულობიდან მხოლოდ ერთ-ერთი
დეფინიციით მოხელთება, თუ არა ყოველი ჩამოთვლილით, რომელიც გზას მხოლოდ ახალ
ინტერპრეტაციებს უხსნის. ავტორი მაყურებელს ენდობა და უტოვებს სივრცეს ნამუშევრების
მისებური წაკითხვისთვის.
ეფუძნება რა ისეთ ისტორიულ ფიგურებს, როგორიც მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფიაა, ეს სერია
ატარებს კითხვებს მასალასთან და მის ავტონომიურ ენასთან დაკავშირებით. რას გვიყვება
ნამუშევარი, როგორც შერჩეული მასალების ერთობლიობა? რა ინფორმაციის მატარებელია
თავად მასალა? აქ გამოყენებული მასალები ძირითადად ინდუსტირული და სარემონტოდ
გათვლილია. ასევე ინდუსტრიული ხასიათის ასაფხრეწი საშუალებით პირდაპირ კედელზე
მიკრული “კორექსის” მრავალჯერადი გამოყენების პლასტიკის ფურცლებზე ინდუსტრიული გლოსით
შესრულებული აბსტრაქციების დაუმუშავებლობა და პირდაპირობა გვხდება თვალში.თითქოს
ავტორი მიგვითითებს რომ ყურადღება დავუთმოთ პირველ რიგში მასალას და შრომას რომელიც
ხელოვნების კეთებას სჭირდება, და ხშირად შეუმჩნევლად, კულისების მიღმა რჩება. ნამუშევრები
გვახედებს არა მხოლოდ კულისების მიღმა, არამედ თავად კულისების კედლებში, მის უშუალო
შემადგენლობაში.
ჯგუფის პრაქტიკა ეყრდნობა და აგრძელებს სხვადასხვა სახელოვნებო ტრადიციას, როგორიცაა
‘არტე პოვერა’ ან ‘იაპონური აქციის ფერწერა’. ‘სისტემათა კვლევის ჯგუფის’ პრაქტიკა მის
‘წინაპრებს’ ეყრდნობა და ავითარებს ფერწერის და ობიექტის სკოლების ხაზებს საკუთარ ენაზე.